4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ შიდა მოკვლევა უკვე დაიწყო. უნდა დადგინდეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რამდენად თანმიმდევრული იყო სოციალური სააგენტოს თანამშრომლების ქმედება. ასევე უნდა გაირკვეს, ხომ არ აქვს ადგილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტს.
პარალელურად, სააგენტოს გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორში.
"ბოლო წლების განმავლობაში ყველა ასეთ ფაქტზე, როდესაც ატყობინებენ სახელმწიფო უწყებებს ბავშვთა ძალადობის ფაქტებს, არ ხდება ადეკვატური რეაგირება. ქვეყანაში, ფაქტობრივად, ბავშვთა დაცვის სისტემა აღარ ფუნქციონირებს. სოციალური მომსახურების სააგენტო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს იმიტომ, რომ არ ჰყავთ ეს კადრები და არ აქვს სერვისები. ყველას, ვისაც ევალებოდა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი და მაინც არ დაიცვა ბავშვი, აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი, მათ შორის, თუ გარემოებები იქნა, სისხლის სამართლებრივი გზით,"- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი.
ნაძალადევის რაიონში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს.