20 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
"შეგვპირდნენ, რომ მამა კონსტანტინესთან ერთად გადაწყვეტენ საკითხს" - გარემოვაჭრეების შეხვედრა საპატრიარქოში

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გარემოვაჭრეების თქმით, მათ საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა, რათა შეძლონ მათი საქმიანობის გაგრძელება. 

პირობა, როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, მათთვის მისაღებია. თუმცა უცნობია, არის თუ არა ეს პირობა მისაღები ტაძრის წინამძღვრისთვის, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულისთვის, რომელიც ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის კატეგორიული წინააღმდეგია.

„მათ უარყვეს, რომ მამა კონსტანტინე უარზეა. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ მამა კონსტანტინე თანახმაა, იქ გაგრძელდეს გარე ვაჭრობა, ოღონდ უფრო ცივილურ ფორმებში. ამიტომ, ისინი შეგვპირდნენ, რომ მამა კონსტანტინესთან ერთად გადაწყვეტენ ამ საკითხს ცივილურად. იქნება ეს დახლების ამოტანა, ახალი ტერიტორიის გამოყოფა, მოაგვარებენ ამ პრობლემას მაქსიმუმ ორ დღეში და ჩვენ ჩვეულებრივად შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, მარიამ ჩაკვეტაძემ.

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა უკვე 10 დღეა, შეწყვეტილია.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები