19 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
"ქართული ოცნების" დიდი პოლიტიკური ხუთშაბათი - ამბოხებული დეპუტატები და ე.წ. ახლები ბიძინა ივანიშვილს შეხვდებიან

"ქართული ოცნების" ამბოხებულ დეპუტატები დიდი პოლიტიკური ხუთშაბათის მოლოდინში არიან. ღრმა კრიზისის შემდეგ, რომელშიც მმართველი პარტია აღმოჩნდა ხვალ "ქართული ოცნება" პირველად შეიკრიბება. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.  

გარიცხავენ თუ არა ეკა ბესელიას "ქართული ოცნებიდან" - ივანიშვილის ვერდიქტამდე ამ კითხვას არავინ პასუხობს, თუმცა ივანიშვილთან დაახლოვებული გიორგი ვოლსკი მიანიშნებს, რომ თუ კრიზისს ვინმე შეეწირება ეს მმართველი პარტიისთვის ტრაგედია არ იქნება. დიდი შეკრების წინ დაპირისპირებული მხარეები ცალ ცალკე ემზადებიან. დღეს მეამბოხეები პარლამენტში შეიკრიბნენ და წინასწარ შეთანხმდნენ ვინ რა უნდა უთხრას ხვალ ლიდერს.

ამბოხებული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილთან თავისი დღის წესრიგით და მოთხოვნებით მიდიან. მთავარი მოთხოვნა სასამართლო სისტემის რეფორმირებას ეხება. თუ ივანიშვილი რადიკალურ ნაბიჯებზე წავა ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხავს, მაშინ ისინი საპასუხო პოლიტიკურ სვლას მოამზადებენ.

ე.წ. ძველებს კითხვები ახლებთანაც აქვთ. მათ შორის ყველაზე მეტი შენიშვნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიმართ არსებობს, რომელმაც მათივე თქმით ამ განხეთქილების პერიოდში პარლამენტი ინსტიტუციურად დააკნინა. უმრავლესობის სხვა ლიდერებიც ამბობენ, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა მარტივი არ იქნება და არც უბრალო გადაწყვეტილებებით არ დასრულდება.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იქნება ეკა ბესელია, რომელმაც ამ სხდომაზე დასწრებისთვის სტრასბურგში ვიზიტი შეწყვიტა. ერთი თვის წინ დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, თანაგუნდელების თანდასწრებით ეს ბიძინა ივანიშვილისა და ეკა ბესელიას პირველი შეხვედრა იქნება. 

დღის ამბები