18 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
პოლიტიკური სკანდალი - "ევროპული საქართველოს" მტკიცებით, ივანიშვილის გუნდმა ევროსაბჭოში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას მხარი არ დაუჭირა

ახალი პოლიტიკური სკანდალი - „ევროპულმა საქართველომ“ "ქართულ ოცნებას" უმძიმესი პოლიტიკური ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ ივანიშვილის გუნდმა ევროსაბჭოში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას მხარი არ დაუჭირა.

სერგი კაპანაძე დღეს ხელისუფლებას განმარტებებს სთხოვდა, რატომ არ იყო მაგნიტსკის რეზოლუციის მხარდამჭერთა სიაში „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატის გვარი. მაგნიტსკის რეზოლუციას, რომლის ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის შესწორებაც გახდა, კენჭი სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეამ უყარა.

უსინდისობა და ნაცრის ქექვა - ასე უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგიდან სერგი კაპანაძეს. ის ამტკიცებდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდა და განმარტა, რომ ოპოზიცია მათ უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს.  

დავა სოციალურ ქსელში ე.წ. სქრინების ომით გაგრძელდა, სადაც ჩუგოშვილის პოსტის ქვეშ თავად დეპუტატები დიდხანს არკვევდნენ მტყუან-მართალს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩუგოშვილი კენჭისყრის დროს დარბაზში იყო, მაგრამ იგი მთავარი რეზოლუციის მხარდამჭერთა სიაში არ არის. არის შესწორებების სიაში, მაგრამ ამ შესწორებებში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას შესწორება არ რის იმ მიზეზით, რომ იგი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარა. კომიტეტზე ერთხმად მიღების გამო, რეზოლუციაში ის ავტომატურად შევიდა. ოპოზიცია ჩუგოშვილის მთავარ დოკუმენტზე მისი ხელმოწერის არარსებობას ედავება.

ოპოზიციის ბრალდებას, რომ მაგნიტსკის სიის რეზოლუციის მთავარ დოკუმენტს მხარი მმართველმა გუნდმა რუსეთის მიმართ ლოიალობის გამო არ დაუჭირა, დღეს თბილისში გია ვოლსკიმ უპასუხა და ოპოზიციას წარსული გაახსენა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი გუშინ დაუჭირა. შესწორება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით მაგნიტსკის სიის რეზოლუციაში შევიდა, რომელიც მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს გაავრცელონ სანქციები მათზე, ვინც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დღის ამბები