19 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
საქართველო დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - ყარაბაღის ომის მონაწილე ავაქიანს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს

საქართველო დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილეს ძეგლი დაუდგეს. ქვეყნის ელჩი განმარტებებისთვის უკვე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მიხეილ ავაქიანის ძეგლის გახსნას "ქართული ოცნების" დეპუტატები და ქალაქის მერიც ესწრებოდნენ. ოფიციალური თბილისის ამ სვლას აზერბაიჯანის ხელისუფლების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

„ჯავახეთში, ვისაც ძეგლი დაუდგეს, ის ყარაბაღის კონფლიქტში „კობრას“ სახელით იყო ცნობილი. აზერბაიჯანელ ბავშვებსა და ქალებს დაუნდობლად ხოცავდა და ასეთ პიროვნებას დღეს საქართველოში ძეგლს უდგამენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. ორი დღეა, არა მხოლოდ აზერბაიჯანში მცხოვრები ჩემი თანამემამულეები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები აზერბაიჯანელები შეძრა ამ ფაქტმა.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეზობელი აზერბაიჯანის მიმართ ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა,”- აცხადებს აზერბაიჯანული დიასპორის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, თოღრულ ალაჰვერდიევი.

თოღრულ ალაჰვერდიევისთვის გაუგებარია სტრატეგიული, პოლიტიკური და ისტორიული პარტნიორობის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ როგორ დაუშვა ავაგიანის ძეგლის აღმართვა.

“ისევე როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი ტერიტორიები რეალურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ ერთი და იგივე ჭრილობა გვაქვს და არ მგონია, ქართველებს მოეწონოთ, რომ ჩვენ თქვენი სეპარატისტების ძეგლი დავდგათ აზერბაიჯანში,“- ამბობს თოღრულ ალაჰვერდიევი.

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ავაქიანი აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა და ის აზერბაიჯანელების და ქართველების მტერი იყო. ადილ ალიევი საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებების გაკეთებას ითხოვს.

„ვისაც ძეგლი დაუდგეს ყარაბაღში, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდა. ამას გარდა, ის აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, ალბათ, ეს საქართველოს ხელისუფლებამაც კარგად იცის. საქართველო ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია, მეგობარი ქვეყანაა. მე როგორც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრმა, მინდა ვთქვა, რომ ეს ფაქტი ძალიან გვაწუხებს და მოვითხოვთ, რომ მოკლე ვადაში ამ თემაზე პოზიცია გამოხატოს ხელისუფლებამ და რეაგირება მოახდინოს,“- ამბობს აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი, ადილ ალიევი.

ახალქალაქის სოფელ ბუგანაშენში კი აცხადებენ, რომ მათთვის ავაქიანი გმირია და ძეგლი სოფლის მოთხოვნით დაიდგა.

დღის ამბები