25 აპრილი 2024,   20:31
ვრცლად
წულუკიანმა ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებას ხელი მოაწერა

თეა წულუკიანმა ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებას ხელი მოაწერა. შეთანხმების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირები სასჯელს საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში მოიხდიან.

საქართველოსთან ამ შეთანხმების გაფორმება ჰააგის სასამართლომ 2015 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ჰააგაში ვიზიტისას ითხოვა.

დღეს ხელმოწერილი შეთანხმება დაფუძნებულია ე. წ. ორმაგი თანხმობის სისტემაზე. პირველ ეტაპზე სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში შეთანხმების დადებით.

მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფოს რჩება უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით.

„თუკი მომავალში ჰააგის სასამართლოს იმ საქმეებზე, რომლებსაც ის ახლა იხილავს, ეს არის კონგოს, სუდანის, უგანდის, ცენტრალური აფრიკის, კოტდიუარის საქმეები, დასჭირდება საქართველოს ხელშეწყობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის არამოქალაქე პატიმრების საქართველოში გადმოყვანა და მსჯავრდებულების მიერ სასჯელის მოხდა ჩვენს პენიტენციურ სისტემაში მოხდეს, საქართველო ამ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჰააგის სასამართლოს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები