პოლიტიკური საქმის გარჩევა ხვალ გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით დაპირისპირებული მხარეების არგუმენტებს კიდევ ერთხელ მოისმენს.
როსტომ მეფის სასახლეში დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ სასაუბრო კიდევ ბევრი აქვთ და მტყუან-მართლის გასარკვევად დღეს გამოყოფილი 4 საათი საკმარისი არ აღმოჩნდა.
ეკა ბესელია, რომლის გარიცხვასაც ელოდებოდნენ, შეხვედრით კმაყოფილია. მასთან დაპირისპირებული ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი კი კამერების წინ საერთოდ არ გამოჩენილან.
პარლამენტის თავმჯდომარეც და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე შეხვედრაზე პირველები მივიდნენ და შენობა სულ ბოლოს დატოვეს, თუმცა უკანა კარიდან, მანქანებით და თან ისე, რომ ჟურნალისტებს კითხვები არ დაესვათ.
ბიძინა ივანიშვილს დღეს ე.წ. ძველების და ახლების გუნდიდანაც, ყველა აქებდა. დეპუტატები ამბობდნენ, რომ მან სწორი პოზიცია დაიკავა და დაპირისპირებულ მხარეებს თანაბრად მოუსმინა. ის, რაც სხვა ლიდერებმა დამალეს, ღიად თქვა ნუკრი ქანთარიამ. „ქართული ოცნების“ ვეტერანი წევრი სხდომაზე მოსამართლეების საკითხის გამო არაერთ კამათს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ის კორექტულობის ფარგლებს არ გასცდენია.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ამაზე შეხვედრიდან გამოსული ყველა წევრი მიანიშნებდა.