19 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ჯეკ შეპარდის საქმე - ბრიტანეთი საქართველოს ძებნილის ექსტრადირებას სთხოვს

ბრიტანული მედიის მთავარი თემა ჯეკ შაპარდის საქმეა. ინტერპოლით ძებნილი, რომელიც საქართველოში იმალებოდა და რომელიც პოლიციაზე ადრე "რუსთავი 2-მა" იპოვა, ახალ ამბავს დღეს დილიდან ყველა ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო გადასცემს. ბრიტანული Sky News-ის კრიმინალის რეპორტიორი საქართველოში პირველად სწორედ ამ საქმის გასაშუქებლად ჩამოვიდა. მას ყველაზე მეტად აინტერესებს, როგორ ვერ მიაგნო პოლიციამ ძებნილს 10 თვის განმავლობაში.

გოგონას არაგანზრახ მკვლელობაში ბრალდებული შეპარდი საქართველოში მარტში ჩამოვიდა. ის ცხოვრობდა ბაგებში, შოპინგობდა მთავარ სავაჭრო ცენტრებში და ხშირად ჩადიოდა მცხეთაში, უყვარდა ყაზბეგი და სტუმრობდა ღამის კლუბებს, თუმცა პოლიციამ ის ვერც ერთხელ ვერ შეამჩნია. შეპარდი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

კრიმინალური პოლიციის ხემძღვანელი ამბობს, რომ შეპარდი იძულებული გახდა, ჩაბარებოდა. პოლიციაში მისვლის დროს ჯეკ შეპარდი ქართველმა სამართალდამცველებმა ვერ იცნეს, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი სახელი და გარი ინტერნეტში მოძებნეს. ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განყოფილებაში მაიდენტიფიცირებელი ფოტო არ იყო გამოკრული, მათ შეპარდის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

ოფიციალურმა ბრიტანეთმა ქართველ კოლეგებს ექსტრადიციის მოთხოვნით უკვე მომართა. სავარაუდოდ, ხანგრძლივი სასამართლო სხდომები ხვალიდან დაიწყება. ადვოკატები პროცესზე ჯეკ შეპარდის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ. ასევე, შეპარდმა ლონდონში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა და ქართული კანონმდებლობით გასამართლება მოითხოვა. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები