ორწლიანმა ანტისამთავრობო აქციებმა ვენესუელაში პირველი შედეგი გამოიღო. 35 წლის ხუან გუაიდო ერთ დღეში მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, რომელმაც ეს პოსტი იანვრის დასაწყისში დაიკავა, დღეს უკვე ქვეყნის პრეზიდენტია. მან თავი ვენესუელის ახალ ლიდერად ანტისამთავრობო აქციაზე გამოაცხადა და არმიას ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.
რამდენიმე წუთში ხუან გუაიდოს ამ განცხადებას ვაშინგტონი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა 35 წლის ოპოზიციონერი ვენესუელის პრეზიდენტად აღიარა და პირობა დადო, რომ ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად სრულ ეკონომიკურ და დიპლომატიურ წონას გამოიყენებს. თუმცა მინიშნებაც გააკეთა, რომ ვენესუელაში მიღწეული შედეგის მხარდასაჭერად, სამხედრო ძალის ჩათვლით, ყველა ვარიანტს განიხილავს.
დონალდ ტრამპს ვენესუელის ექსპრეზიდენტმა დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტით და ამერიკელი დიპლომატების გაძევებით უპასუხა. მათ ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი აქვთ.
ვენესუელაში დაწყებული ცვლილებების პროცესს მიესალმნენ სამხრეთ ამერიკის 7 ქვეყანა, კანადა და ამერიკული ქვეყნების ორგანიზაცია. თუმცა მათ აღიარებას არ შეუერთდნენ ბოლივია, კუბა, მექსიკა, ჩინეთი და რუსეთი. ნიკოლა მადურას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმაც.
ნიკოლას მადუროს პოლიტიკიდან ჩამოშორება ვენესუელის რუსული გავლენისგან გათავისუფლებას ნიშნავს.