19 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
2020 წლის არჩევნებამდე ოპოზიციამ შესაძლოა, კოალიცია შექმნას

2020 წლის არჩევნებამდე შესაძლოა, ოპოზიციამ კოალიცია შექმნას. ამის შესახებ დღეს „რუსთავი 2-ის" ეგიდით გამართული მრგვალი მაგიდის ფარგლებში იმსჯელეს. ამ ეტაპზე კოალიციასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ნაწილს განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ექსპერტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა საერთო ენა უნდა იპოვონ.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგი აუციელებელია.

„იმაში თუ რა უნდა გაკეთდეს,უპირველეს ყოვლისა, ამაზე უნდა იფიქრონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ამის მცდელობებს ჩვენ ვხედავთ და იმის შემდეგ, რაც გარკვეული სტრატეგია დაისახება, ჩვენ, ბუნებრივია, საჭიროა, რეალური, რუტინული თანამშრომლობა და კოორდინაცია და თუკი ჩვენ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება ამას უჭერს მხარს, რომ უფრო მეტი დიალოგი იყოს და, შესაბამისად, იყოს რუტინული თანამშრომლობა და კოორდინაცია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამით მოიგებს მხოლოდ ქვეყანა,“ - აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა.

„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე, გია ნოდია ოპოზიციურ პარტიებს საერთო ინტერესების მოძიებისკენ მოუწოდებს, რის გარშემოც ისინი გაერთიანდებიან.

„ერთი მხრივ, ობიექტურად, აუცილებელია, ოპოზიციის თანამშრომლობა, მაგრამ მაინც და მაინც, არ არის აწყობილი ამ თანამშრომლობის ფორმები. უნდა იპოვონ აუცილებლად საერთო მოთხოვნები, საერთო ინტერესები და მოძებნონ ის ფორმები, რითაც იმუშავებენ. ცხადია, ერთ-ერთი არის საარჩევნო სისტემა,“ - აცხადებს გია ნოდია.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ სიძულვილის პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს და საქმეზე ორიენტირებულები უნდა იყვნენ.

„ბევრი დრო არ დაგვჭირვებია იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა საზოგადოება და ბევრი ასეთი რადიკალურად განწყობილი ადამიანი, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რატომ უნდა დავასრულოთ ქართულ პოლიტიკაში ზიზღზე აგებული და მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა. რატომ უნდა ვეცადოთ და პოლიტიკურმა პარტიებმა დავინახოთ სხვადასხვა პარტიის წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში, კი ცუდი, კარგი, მაგრამ კარგზე ორიენტირებულად შევძლოთ მოლაპარაკებები მომავლისთვის და ხელისუფლების ცვლილებისთვის,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები