ეკა ბესელიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ღია ბრძოლა განახლდა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის პირველი რაუნდის შემდეგ გუშინ ღამით სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო.
საინფორმაციო სააგენტოების გვერდებზე ეკა ბესელიას მიერ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ბესელია ამ კამპანიას „ომს“ უწოდებს და ამბობს, რომ ყველას ვინაობას დაადგენს, ვინც ცილისმწამებლური კამპანიის უკან დგას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც დაინტერესებულები არიან გარიკვას, ვინ აგრძელებს ბრძოლას ეკა ბესელიას წინააღმდეგ.
გუნდში დროებითი ზავი კი 2-დღიანი დისკუსიის შემდეგ „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველმა და ახალმა წევრებმა როსტომ მეფის სასახლეში დღეს საღამოს დადეს. შეთანხმდნენ, რომ პროცესი ახლა სამუშაო ჯგუფში უნდა გაგრძელდეს, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები ამბობენ, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება, ანუ ყველა დეპუტატი გადაწყვეტილებას თავისუფალი კენჭისყრის რეჟიმში დამოუკიდებლად მიიღებს.
ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ამბობენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევაზე სრული პასუხიმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს. ეს მოთხოვნა კი ე.წ. ახლების გუნდისთვის მიუღებელია.
ბიძინა ივანიშვილი დღეს 7 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ხელმძღვანელობდა, მაგრამ რა პოზიცია ჰქონდა პარტიის თავმჯდომარეს, არავინ იცის.