20 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
აზერბაიჯანიდან დევნილი საქართველოს ხელისუფლებისგან თავშესაფარს ელოდება - უფლებადამცველი თვალთვალზე საუბრობს

საკუთარ ქვეყანაში დევნილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოს ხელისუფლებისგან თავშესაფარს უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ელოდება. ავთანდილ მამედოვის თქმით, მასზე თვალთვალი და ზეწოლა სამშობლოდან წასვლის შემდეგაც არ წყდება.

დევნილმა სამოქალაქო აქტივისტმა ყველა მტკიცებულება პროკურატურას გადასცა, თუმცა ძალოვანი უწყების მხრიდან მიმართვა ამჯერადაც რეაგირების გარეშე დარჩა.

"კურიერთან" ამბობს, რომ აზერბაიჯანი ხანგრძლივი მუქარის და ზეწოლის შედეგად დატოვა და პოლიტიკურ თავშესაფარს ახლა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს. ამბობს, რომ საქართველოში თანაგრძნობას ელოდებოდა, თუმცა ყველა ვადა ამოიწურა და დევნილის სტატუსი ამ დრომდე არ მიუციათ. ის დარწმუნებულია, რომ მასაც აფგან მუხთარლის ბედი ელოდება.

აზერბაიჯანელი დევნილების თვალთვალისა და მუქარის არაერთ ფაქტზე საუბრობს მესამე სექტორი, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მასალები პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და არცერთ შემთხვევაზე კონკრეტული პირის გამოვლენა ამ დრომდე არ მომხდარა.

აზერბაიჯადან დევნილების ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ქართული სპეცსამსახურები ფარულად თანამშრომლობენ აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურთან და ისინი დევნიან ყველას, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა აფგან მუხთარლისთან ან საქართველოში პოლიტიკური დევნილის სტატუსს ითხოვდა.

აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, დაშგინ აღალარლიმ საქართველო უკვე დატოვა. ის არის ბოლო ადამიანი, ვინც აფგან მუხთარლი გატაცებამდე ნახა, აღალარლი ახლა ნორვეგიაში დროებით თავშესაფარში ცხოვრობს.

 

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი. 

დღის ამბები