25 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტზე - "ეთიკის ქარტია" სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს

“რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება. ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ საქმე დროულად გამოიძიონ. ქარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია დადგინდეს,  უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურს საქმიანობას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს. 

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, რათა მყისიერდ გამოიძიონ საქმე და განუმარტონ საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურს საქმიანობას. სწორედ მან მოიპოვა კადრები, სადაც ასახულია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის კონფლიქტი. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს და შეუფერხებლად ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ყოველი გაჭიანურებული გამოძიება ახალისებს ძალადობას ქვეყანაში და ხელს უწყობს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის ზრდას. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით,"- აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. 

დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზეიმყოფება პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

დღის ამბები