20 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევა - არასამთავრობოები ეკა ბესელიას და მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებს ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამ წუთებში ეკა ბესელიას და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებია.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ამავე საკითხზე შეხვედრები სხვადსხვა ფრაქციასთან უკვე გამართეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა შეიცვალოს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მასში შედიან იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებელ 10-კაციან სიას.

„ჩვენ გვესმის, რომ იძულების ფორმით და სხვა მსგავსი ტიპის მოქმედებით პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობთ, რომ აუცილებელია საზოგადოების პროტესტი იმისთვის, რომ რეალურად საბჭოს იმ წევრებმა, ვინც მიიღეს გადაწყვეტილება სიის ნომინირების თაობაზე, მიიღონ გადაწყვეტილება და თავად დატოვონ თანამდებობები. ჩვენთვის მთავარი და მნიშნველოვანი დღეს სწორედ საბჭოს შემადგენლობაა. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

პარლმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარისთვის უპირველესად მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები მინიმუმამდე შემცირდეს.

ეკა ბესელიას შეფასებით, საბჭოს საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს.

„კანონში გამართული პროცედურები უნდა გაიწეროს, ეს გულისხმობს ღია კონკურსის გამოცხადებას, პარლამენტში ამ პროცესის სრულად გადმოტანა, რომელიც მოსამართლეთა არჩევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხება, საბჭოს დარჩეს მხოლოდ მინიმალური პროცედურა, ეს არის სიის წარმოდგენა, მაგრამ არა იმ სახით, რომ მან თავად შეარჩიოს სასურველი კანდიდატები, არამედ წარუდგინოს პარლამენტს გაცილებით უფრო ფართო სია, რომლითაც წარმოდგენილნი იქნებიან მოსამართლეთა კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს, თუმცა, შინაარსობრივ განხილვაში უნდა შევიდეს და არა იუსტიციის საბჭო, რომელსაც არა აქვს სანდოობა და საზოგადოებაში ნდობა, რომელიც ამ წუხილებს მოხსნიდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები