20 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
"არაჯანსაღი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები" - სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს

სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის შემდეგ მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ხორციელდება არაჯანსაღი პროცესები.

მოსამართლეები სასამართლო სისტემის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 10-კაციან სიას უკავშირებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სიძულვილის ენით საუბარი აღნიშნული კანდიდატების თუ თავად საბჭოს წევრების მიმართ.

მოსამართლეებმა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, რომლებმაც მოსამართლეთა ე.წ. შავი სია მწვავედ გააკრიტიკა, უარგუმენტო შეფასებების გავრცელებაში დაადანაშაულა.

მოსამართლეები ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ შექმნილი სიტუაციის გაანალიზებისკენ.

„ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, შევაფასოთ ის არაჯანსაღი პროცესები, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

„არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია, წარდგენილი კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო შეფასებების გავრცელება იმ განხილულ საქმეებზე, რაზეც მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილებები. გახშირდა მოსამართლეთა მიმართ აგრესიული და უპატივცემულო დამოკიდებულების ფაქტები. ამასთან, გაჟღერდა მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის მოთხოვნა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობს, ხელყოს სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და დასაჯოს სასამართლო იმისთვის, რომ იხელმძღვანელა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების პრინციპით.

„მოსამართლეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნას არათუ არ გააჩნია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, არამედ ეწინააღმდეგება თითოეული ჩვენგანის ნებას და საქართველოს კონსტიტუციით და ყველა მოქმედი საერთაშორისო აქტით დეკლარირებულ გარანტიებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, უზრუნველყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა და ისეთი ნაბიჯების არიდება, რომელმაც შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს მართლმსაჯულების ინტერესები, მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს:

„ობიექტურად გაანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები, განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა, ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები