დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ.
გამყრელიძის განცხადებით, ორსულთათვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან განსხვავებით, წითელას ინფექციაზე ვაქცინაცია დაუშვებელია.
გამყრელიძე განმარტავს, რომ ეს აცრა ორსულობამდე სამი თვით, ან ყველაზე მცირე, ერთი თვით ადრე უნდა ჩატარდეს.
„ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალება გახლავთ მასობრივი ვაქცინაცია და ძალიან კარგია, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა,“ - ამბობს გამყრელიძე.