23 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
"ვიმსჯელეთ ზოგად პრინციპებზე და განვიხილეთ მხარეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები" - გიორგი მიქაუტაძე

მომდევნო შეხვედრაზე უკვე კონკრეტულ  საკითხებზე იქნება მსჯელობა და გვექნება ჩვენც ჩვენი შენიშვნები,- ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

6-საათის განმავლობაში მხარეები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი პროექტები წარმოადგინეს. გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ზოგად პრინციპებზე და განვიხილეთ მხარეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები. დეტალური მსჯელობა მომდევნო შეხვედრისთვის გადაიდო და მომდევნო შეხვედრაზე უკვე კონკრეტულ  საკითხებზე იქნება მსჯელობა და გვექნება ჩვენც ჩვენი შენიშვნები. ჩვენ წარდგენილი გვაქვს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებს და აგრეთვე არამოსამართე წევრებსაც აქვთ რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი, რაც ასევე იქნება განხილული,"- აღნიშნა მიქაუტაძემ. 

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეც. მერაბ გაბინაშვილი აცხადებს, რომ მოისმინა ყველა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ჰქონდა ერთგვარი პრეზენტაციის სახე.

„ჩვენ  მოგვეცა შესაძლებლობა, გავცნობოდით ყველა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პროექტებს, მათ შორის იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ პროექტებს, ასევე უზენაესი სასამართლოს რამდენიმე წინადადებას, მათ შორის თვითონ არამოსამართლე წევრების ინიციატივებს. ეს იყო ყველა პროექტის ერთად პრეზენტაცია, რომელზეც გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა, თუმცა სიღრმეებში არ შევსულვართ,“ -განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

დღევანდელი შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები