24 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
"დაყადაღებული მქონდა ანგარიში, რომელ ფულზე იყო ლაპარაკი" - ბიზნესმენი ილია დალაქიშვილი ამბობს, რომ ბესელიასთვის ქრთამის მიცემის ბრალდება აბსურდია

ეკა ბესელიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დასპონსორებული კამპანია მიმდინარეობს. დეპუტატის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბრალდებები ვრცელდება, ერთი მათგანი კი ბიზნესმენ ილია დალაქიშვილს უკავშირდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ილია დალაქიშვილი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით ბესელიასთვის გადახდილი ქრთამის შემდეგ გათავისუფლდა.

გავრცელებულ ინფორმაციას „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში უარყოფს დალაქიშვილი და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრებს ეკა ბესელიასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მისი თქმით, მისმა ადვოკატმა შეიტანა განცხადება პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„მე ვიყავი დაჭერილი, ჩამორთმეული მქონდა ქონება. დაყადაღებული მქონდა ანგარიში. რომელ ფულზე იყო ლაპარაკი, ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ციხეში ყურადღება მოექცია,“ - აცხადებს ილია დალაქიშვილი.

ცილისწამებაზე ამახვილებს ყურადღებას დალაქიშვილის ადვოკატიც. ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ილია დალაქიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახს არ ჰქონდა ის თანხა, რაც შეიძლება ქრთამის სახით ვინმესთვის შეეთავაზებინათ.

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოგონილი ინფორმაცია. რამეთუ ვინ, ვინ და მხოლოდ ჩემს ხელში ხდებოდა ამ საქმის გაკეთება და თუ ვინმეს შეეძლო ქრთამი მიეცა ვინმესთვის თურქეთში თუ საქართველოში, ვიყავი მხოლოდ მე. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ იმ პერიოდში ოჯახს არ გააჩნდა არათუ ვინმესთვის ქრთამად მისაცემი ფული, არამედ ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც კი. თუ ვინმეს ეკუთვნოდა იმ 187 პოლიტპატიმართა სიიდან თუ პოლიტდევნილად აღიარებულ ადამიანთა სიიდან პოლიტპატიმრობა, ყველაზე გამოკვეთილ ხუთეულში შეიძლება ილია დალაქიშვილის თავისუფლად შეყვანა, იმიტომ, რომ ის იყო ყოფილი პარლამენტის წევრი. მას წინა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ყოფილი პარლამენტის წევრი იყო და ბოლომდე დაუდგა იმ ხელისუფლებას, ჩამოართვეს აბსოლუტურად ყველაფერი. იმდენად აშკარა და გამოკვეთილი ყალბი ინფორმაციები იყო ამ საქმეზე, რომ სულ თავისუფლად შეიძლებოდა, რა ქრთამი, რის ქრთამი, ვისთვის უნდა მიეცა ქრთამი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. ჭიჭინაძის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გუშინ ღამით ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ამ განცხადების შემდეგ დავით ჭიჭინაძე სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის - პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.

დღის ამბები