23 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
"ნაბიჯი უკან, წარსულისკენ" - ენმ სკოლებში გამოცდების გაუქმებას ეხმაურება

"ერთიანი ნაციონალური მოძრობა" საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და უნივერსიტეტებისთვის  შიდა მისაღები გამოცდების ჩატარების უფლების მინიჭებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 

ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოცდებზე ფიქსირდებოდა კატასტროფული შედეგები და ის პრობლემა, რაც რეალურად განათლების სისტემას აქვს, გამოცდების მოხსნა ვერ გადაჭრის. 

„ვიდრე გამოსაშვები გამოცდები დაწესდებოდა ქვეყანაში, მოსწავლეები  როგორც გვახსოვს ატესტატს იღებდნენ სწორედ აკადემიური შეფასების გზით. რეალურად ახლა ამ გამოცდების გაუქმება, რა პოზიტიური შედეგის მომტანია ჩემთვის გაუგებარია. ერთი რამ ნათელია, რომ ეს არის ნაბიჯი უკან, წარსულისკენ. წლების მანძილზე  გამოსაშვებ გამოცდებზე ჩვენ ვხედავდით კატასტროფულ შედეგებს და მათი გაუქმებით თუ ფიქრობენ ზოგადი განათლების სისტემაში ცვლილებების განხორციელებას , ეს ნამდვილად ვერ მოიტანს იმ შედეგს რაც სურს ქართველ საზოგადოებას,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა. 

ცვლილებები არ შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეთორმეტე კლასში არიან. ასევე საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ იმ მოსწავლეებსაც რომლებიც წინა წელს მეთერთმეტე კლასის გამოცდებზე არ გავიდნენ ან ჩაიჭრნენ.

როგორც ცნობილია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადადის ზოგადი უნარების გამოცდაც. რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება მნიშვნელოვნად უმარტივდებათ. ასევე უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ, რომ შიდა მისაღები გამოცდები დანიშნონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები