17 ივლისი 2019,   13:24
ვრცლად
იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მოვახერხებთ რომ სიღარიბე შევამციროთ ქვეყანაში - მამუკა ბახტაძე 

თბილისში ეკონომიკური კონფერენცია “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” მიმდინარეობს. ღონისძიება ქვეყნის პრემიერმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ასევე რეფორმებზე ფინანსურ სექტორში, დაგროვებით საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზარზე.

ასევე საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება მეწარმეობის ხელშეწყობა და “მწვანე ეკონომიკა”.

„საქართველოში ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბე და ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, შესაბამისად ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ჩვენ მოვახერხებთ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ საქართველოს ვერასდროს ჩავაყენებთ განვითარებულ ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლების სექტორში და თუ ჩვენ ვერ გავხდით განათლების სექტორს დომინანტს მთელ ეკონომიკაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ დაიკავოს ძალიან წარმატებული და ძალიან დიდი ადგილი ეკონომიკური დერეფნების განვითარებაში.

„საქართველოს ნამდვილად აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ჩვენ დავიკავოთ ძალიან წარმატებული და ძალიან დიდი ადგილი ეკონომიკური დერეფნების განვითარებაში, ჩვენ ძირითადად სავაჭრო პარტნიორებს შორის ისევე, როგორც ნამდვილად შევასრულოთ სრულად ის ჩვენი როლი, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ჩვენი გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე გვაქვს, როგორიც ძირითადად დამაკავშირებელი აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული იყო ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

დღის ამბები