20 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
ბესელია თანაგუნდელებს აფრთხილებს და მის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას ურჩევს

ეკა ბესელია საკუთარი გუნდის წევრებს აფრთხილებს, თუ აკრძალული მეთოდებით ბრძოლა მის წინააღმდეგ არ შეწყდება, უმრავლესობის დეპუტატი ალაპარაკდება.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ქართული ოცნების ლიდერმა "მორალურ ტერორს" შეადარა და ადამიანებს, ვინც ბესელიას შანტაჟი პირადი ცხოვრების მასალით სცადა, უთხრა, რომ "ტერორმა მასში ახალი ეკა ბესელია გააღვიძა".

ეკა ბესელიას კატეგორიული ტონისა და მუქარის მიუხედავად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, ბესელიასთან უკვე არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაემწვავებინა. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ძალოვან უწყების პირველ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდა და ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული იქნება.

უმრავლესობის სხვა ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანია და ვიდეოკადრებით შანტაჟი შესაძლოა, მიზანმიმართული კამპანია იყოს.

ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ამ საქმეში ბევრი ეჭვი ჩნდება და ჯერ ის არის დასადგენი, საერთოდ არსებობს თუ არა ეს კადრები, რადგან ის არავის უნახავს.

ოპოზიცია კი ღიად საუბრობს, თუ ვისი იდეა შეიძლება, ყოფილიყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ეკა ბესელიასთან წლებია, დაპირისპირებულია, ხელი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს დაადო.

ეკა ბესელიას თანამოაზრეები კი ღიად ამბობენ, რომ კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სასამართლოს საქმეში იყო. მისი გასაჯაროება კი იმ ჯგუფმა გადაწყვიტა, ვინც ეკა ბესელიასთან მწვავედ დაპირისპირებულია. ბესელიას თანამოაზრეების ამბობენ, რომ შანტაჟის მიუხედავად, ისინი პოლიტიკურ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

ეკა ბესელიამ საგანგებოდ მიმართა ძალოვანი უწყების პირველ პირებს, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანონ.

საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

 

ავტორი: თათია წოწონავა

დღის ამბები