20 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
ექიმების პროტესტი ქუჩაში - თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრის მედიკოსები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები დაგროვილი დავალიანების გასტუმრებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მას შემდეგ, რაც დღეს სამსახურში მისულებს არც დენი და არც წყალი არ დახვდათ, მედიკოსებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადეს და ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს.

ექიმები ამბობენ, რომ გარდა მიმდინარე დავალიანებისა, კლინიკის ადმინისტრაციას ძველი დავალიანებებიც არ გაუსტუმრებია.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა კი ძველ სახელფასო დავალიანებას არ აღიარებს.

მათი განმარტებით, კლინიკას თავად აქვს ფინანსური პრობლემები, რომელიც მას შემდეგ შეექმნა, რაც შარშან ჯანდაცვის სამინისტრომ 4,5 მილიონი ლარით დააჯარიმა.

დირექტორი ასევე განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკას მომსახურების შესაბამის თანხას სამინისტრო სრულად არ უხდის. ფინანსური მენეჯერი ასევე აცხადებს, რომ სამინისტროდან ბოლოს თანხა ოქტომბერში ჩაირიცხა და ამის შესაბამისად გაიცა ხელფასებიც.

ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ კლინიკა ყოველწლიური შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევების გამო, სამართლიანად დაჯარიმდა, რადგან დარღვეული იყო ბენეფიციარების რეგისტრაციის პროცედურები. სწორედ ამიტომ ერიცხებოდა დაწესებულებას მომსახურების თანხის მხოლოდ ნაწილი, ნაწილი ჯარიმაში იქვითებოდა. ბოლო სამი თვე კი მომსახურების თანხა სრულად ერიცხება კლინიკას. იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება, თანხაც შესაბამისად დაგვიანებით ირიცხება. თუმცა, როგორც უწყებაში ამბობენ, ეს განსაზღვრულ ვადას არ სცილდება.

დარჩენილი დავალიანება ექიმებს ათ დღეში უნდა გაუსტუმრონ, ასეთია ხელმძღვანელობის პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმები კვლავ გაფიცვას აპირებენ და ასევე საკუთარ უფლებებს სამართლებრივი გზებით დაიცავენ.

  

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები