19 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
თაფლის შესყიდვა რუსეთიდან - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და რუსეთში გახარიას ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სკანდალური ტენდერით, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "ვითიმ" გაიმარჯვა უწყების გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს - აცხადებენ ოპოზიციაში. ტენდერის მიხედვით, სხვადასხვა ძალოვან უწყებებს წლის ბოლომდე რუსული თაფლით კომპანია "ვითი" მოამარაგებს და ამისთვის სახელმწიფო მას მილიონ ლარს გადაუხდის.

დღის ბოლოს რუსეთიდან თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით აჟიოტაჟს გამოეხმაურა შესყიდვების სააგენტო და განაცხადეს, რომ ამ დროისთვის კონკრეტული კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული არ არის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს რუსეთში საკუთარი ბიზნეს ინტერესები გააჩნია. 

"გიორგი გახარია არის რუსეთის მოქალაქე და მას აქვს კონკრეტული ბიზნეს ინტერესები რუსეთში, მართალია  ისეთი მასშტაბის არა, როგორც მის უფროსს, ბიძინა ივანიშვილს, თუმცაღა მას გააჩნია კონკრეტული ბიზნეს ინტერესები და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ნაცვლად იმისა, რომ ეს ხელისუფლება ხელს უწყობდეს და ავითარებდეს ქართულ ბიზნესს, ოკუპანტი სახელმწიფოსგან ყიდულობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში თაფლს,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა. 

"ევროპულ საქართველოში" კი ტენდერის პირობების გამჭვირვალობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ შეკითხვები კონკრეტულ ინტერესებთან დაკავშირებით არსებობს. 

"ტენდერის პირობები უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო, რათა მივიღოთ რაც შეიძლება დაბალი ფასი და ეკონომია გაწიოს ბიუჯეტმა. ამ შემთხვევაში ეს ესე არ ყოფილა, შესაბამისად დაუყოვნებლივ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექცია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, მეორე საკითხია კონკრეტული ინტერესი ხომ არ არსებობდა, რომ რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას გაემარჯვა,"-აცხადებს ოთო კახიძე.

დეტალების გარკვევის აუცილებლობაზე საუბრობს უმრავლესობაც.  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ კარგი იქნებოდა თაფლი სამინისტროს საქართველოში შეესყიდა. 

"რუსეთისაგან იმიტომ არ შეიძლება ყიდვა, რომ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა არ არის იმ დონეზე, იმიტომ რომ ის ოკუპანტია,"-აცხზადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე. 

დღის ამბები