18 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
ხმაური ბათუმში - გარემოვაჭრეების აქციაზე ორი პირი დააკავეს 

ხმაურია ბათუმის ავტოსადგურში, სადაც გარე მოვაჭრეებს და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, აქციის 2 მონაწილე დააკავეს.

გარე მოვაჭრეები მერიას პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, მუნიციპალიტეტი მათ ჯიხურების უფასოდ გადაცემას დაპირდა, რომლის საფასურის გადახდა მუშაობის დაწყებიდან მხოლოდ 2 თვეში უნდა დაეწყოთ. თუმცა დღეს გარე მოვაჭრეებს უკვე თანხა მოსთხოვეს.

„ბაზრის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმებოდა ჯიხურები. ჩამოწერეთ სია. ეს ჯიხურები გაკეთდება ჩვენი თანხით. ეს თანხა შემდეგ, ეტაპობრივად, 1-2 თვე არანაირი გადასახადი არ იქნებოდა, რომ თავისთავად ჩვენ შეგვძლებოდა მუშაობის შემდეგ გადაგვეხადა ეს თანხა, პირველი 2 თვე იქნებოდა უფასო, შემდეგ კი ამ თანხას, რაც დაჯდებოდა 50 დოლარის სახით ყოველთვიურად დავფარავდით ამ თანხას. გუშინ საღამოს გამოუცხადებია ბაზრის დირექტორს, რომ მე მასე არ მითქვიაო, თქვენ მომეცით თანხა და მე გავაკეთებო," - განაცხადა ერთ-ერთმა გარე მოვაჭრემ.

ავტოსადგურის დირექტორი ზაურ სულამანიძე განმარტავს, რომ მხოლოდ 50 მოვაჭრეს დააკმაყოფილებს, დანარჩენებს კი ადგილს შენობაში სთავაზობს. დირექტორი ადასტურებს, რომ ჯიხურის ღირებულების 30 პროცენტი, მან ნამდვილად მოითხოვა გარანტიის სახით.

„გავწიე ხარჯები, გავაკეთე შიგნიდან და მეუბნებიან, რომ მოგატყუეთ და არ შემოვალთო. მე არ მინდა, რომ გარეთაც იგივე დამემართოს. მე ვითხოვ, რომ ბეს სახით რაღაც გარანტია მქონდეს. არ არის იმდენი ადგილი ჯიხურისა. ჯიხური შეიძლება ჩაიდგას მხოლოდ 50. მე ალტერნატიულს ვთავაზობ, აქ ავტოსადგურში მივიღებ ყველას, მაგრამ მთელ ქალაქს ვერ მივიღებ," - განაცხადა ზაურ სულამანიძემ.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მირდატ ქამადაძე. ის მერიას მოვაჭრეებთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. 

„გადაწყვეტილებას, როდესაც არა კომპლექსურად იღებს მერია, ეს შედეგი მოაქვს ასეთ გადაწყვეტილებებს. ამ ადამიანებს თავიდანვე, როდესაც გარევაჭრობის აღების საკითხი დადგა, ამ ადამიანების მოთხოვნა იყო გარეთ, პერიმეტრზე ყოფილიყო ადგილები. დღეს ახლა ჩვენ გვესმის, რომ პერიმეტრზე დაახლოებით 50 მოვაჭრე შეიძლება დაკმაყოფილდეს, მაგრამ რას უპირებენ დანარჩენ ადამიანებს პასუხი არ აქვთ. ქალაქში გარე ვაჭრობა, რომ არ იქნება ეს არის მისასალმებელი, მაგრამ ეს თუ მოხდება ამ ადამიანების ხარჯზე და ეს ხალხი დარჩება ლუკმა პურის გარეშე, რა საშიშროებაც ამ ხალხს ემუქრება, ეს არის ყველასთვის მიუღებელი," - განმარტა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ.

დღის ამბები