25 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
"სისტემური პრობლემა რომ არსებობს, ეს ვაღიარეთ" - სერგეენკოს მოადგილე სოციალური მუშაკების წერილს ეხმაურება

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა ღია წერილი გაავრცელეს, სადაც ისინი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ. ისინი უწყების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებენ და ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

სოციალური მუშაკები ამავე წერილში რთულ პირობებზე წერდნენ და სისტემურ ცვლილებებს ითხოვდნენ. სოციალური მომსახურების მიმართულებით რომ სისტემური პრობლემებია, ამას მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიაც ადასტურებს.

მან 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის უწყების ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო პასუხისმგებლობას გრძნობს.

თამარ ბარკალაიამ უწყებაში გასატარებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში 50 სოციალური მუშაკის ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა. მისი თქმით, გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობითაც გაწერილია. 

„სამინისტროში თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მეც, მინისტრიც, ჩვენი პოლიტიკის დეპარტამენტიც. სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობის გაწერა არის გაკეთებული, შესაბამისად, პლუს 50 სოციალური მუშაკის ვაკანტური ადგილი გაჩნდა სოც. მომსახურების სააგენტოში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 2019 წლის ბიუჯეტში გაიწერა ეს ყველაფერი. სისტემური პრობლემა რომ არსებობს, ეს ჩვენ ვაღიარეთ. ვაღიარეთ ჯერ კიდევ 2017 წელს და შედეგად 2018 წლის კანონი თავისი ვალდებულებებით, თავისი ფინანსური რესურსებით გაიწერა 2019-ში,“- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში სოციალურ სამსახურში საკადრო წმენდა დაიწყო. თანამდებობიდან 4 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს. საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობიდან გადადგა სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი.

სოციალური მუშაკების გადაყენების საფუძველი სამინისტროს შიდა აუდიტის მოკვლევა გახდა, რომლითაც იმ პირების პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, ვისაც ბავშვის საქმის მართვა ევალებოდა.

დაკავებულია 4 წლის ბავშვის დედა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები