20 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
"შემცირება არ ნიშნავს, რომ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდა" - დავით სერგეენკო H1N1 ტიპის გრიპის ვირუსზე

იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გრიპის ვირუსით დაავადებული 2 ბავშვი რჩება. H1N1 ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკასა და მკურნალობის სტრატეგიაზე დღეს კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მსჯელობდნენ.

ჯ​ანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის დაავადებით ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში 500-მდე ადამიანია მოთავსებული. გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 20-ია.

„ჩართული ვარ ამ კონსილიუმებში და ყველა კლინიკაში სადაც აი ამ რისკჯგუფის პაციენტები იქნებიან, ორ კვირაზე მეტი მკურნალობა რეანიმაციაში გრიპის გამო, ყველასთან ჩატარდება ეს კონსილიუმი. 2 ბავშვი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მე არ მაქვს უფლება, რომ ყველა დეტალი მოგახსენოთ, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ორივესთან მდგომარეობა გაუმჯობესებული არის, თუმცა ძალიან საყურადღებო არის და დეტალურ ინფორმაციას ალბათ მკურნალი ექიმები მოგაწვდიან. რაოდენობა ცალსახად ჩამოსული არის ქვევით, შემცირების სიჩქარე იგივე არის, რაც იყო წინა წლებში, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს შემცირება არ ნიშნავს, რომ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდა ამითი. პაციენტები, რომლებიც სტაციონარში გადიან მკურნალობას, მათ იგივე მკურნალობა სჭირდებათ, რაც იქამდე,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ დღეისათვის H1N1 ტიპის ვირუსის დიაგნოზით მხოლოდ 2 პაციენტია დარჩენილი რეანიმაციაში.

„842 პაციენტი იყო დაწვენილი იაშვილის კლინიკაში დიაგნოზებით გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებანი, სხვადასხვა გართულებები. მათ შორის 92 შემთხვევაში დადასტურდა ა გრიპის დიაგნოზი, უმრავლესობა 83 პაციენტთან დაისვა H1N1 ტიპის ვირუსის დიაგნოზი. დღეისათვის მხოლოდ 2 პაციენტია დარჩენილი რეანიმაციაში, დანარჩენი 4 პაციენტი გაიწერა გამოჯანმრთელებული. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ამ 2 პაციენტის ისტორია, ლაბორატორიის კვლევის შედეგები, მკურნალობის ტაქტიკა, შევთანხმდით გარკვეულ ცვლილებაზე დიაგნოსტირების პროცესში,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები