16 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
"არის გამოძახებული მყვინთავების დამატებითი შემადგენლობა" - მესამე დღეა ფოთში 16 წლის ბიჭის ცხედარს ეძებენ

უკვე მესამე დღეა ფოთში მდინარე რიონში 16 წლის ბიჭის ცხედარს უშედეგოდ ეძებენ. 16 წლის მოზარდის მეგობრები დღეს ფოთის მერიაში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვალიდან მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები შეწყდება, თუმცა მერის მოადგილემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ინფორმაციას სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე არ ადასტურებენ არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდებში, რომ თითქოს ვინმე აპირებდა შეწყვეტას სამუშაოების, რაც ნამდვილად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შედეგად, არავინ არ აპირებს არაფრის შეწყვეტას სამუშაოების, პირიქით დამატებითი ძალები არის გამოძახებული დედაქალაქიდან, მყვინთავების დამატებითი შემადგენლობა, რომ ყველგან სადაც შეიძლება მოვძებნოთ," - განაცხადა ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა.

16 წლის ბიჭი 2 დღის წინ მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

დღის ამბები