24 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანი - ექსპერტები რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ 

„გამოდის, დღეში თითო კაცი კვდება? დაახლოებით ეგეთი სიტუაცია გვაქვს“ - ასე ეხმაურება ენერგეტიკოსი გია არაბიძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას.

გია არაბიძე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებესაც იხსენებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარება კატასტროფულია. ენერგეტიკოსი რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.

ექსპერტი „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ოქმზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც დგინდება რომ ბინაში გაზი ჩაჭრილი იყო. ოქმი სულ სხვა გვარზეა გამოწერილი და არა გარდაცვლილებზე.

„10-11 დღე გავიდა რაც დიღმის ავარია მოხდა...გამოდის, დღეში თითო კაცი კვდება? დაახლოებით ეგეთი სიტუაცია გვაქვს. კატასტროფული სიტუაციაა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. იმდენად მარტივია დღეს ხელსაწყოს მიერთება გაზის მილთან, არ არის პრობლემა. შესაბამისი ლუქი გაწყვიტე, აიღე რეზინის შლანგი, მიაერთე და ამით დამთავრდა ყველაფერი. გამკაცრდეს რეგულაციები გაზის ხელსაწყოების დაყენებაზე, მიერთებაზე და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. გაეზარდოს უფლებები „ყაზტრანს გაზის“ ზედამხედველობის სამსახურს ან მთლიანად ჩამოშორდეს მათი სამსახური, ან დამოუკიდებელი ორგანო შეიქმნას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი იქ არსებული ხელსაწყოების ტექნიკურ გამართულობაზეც და მიერთების საკითხზე. ანუ სასჯელის ზომა უნდა გამკაცრდეს ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გია არაბიძემ.     

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, 7 ადამიანი წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები