26 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
სადავო დიპლომი - არასამთავრობოები მთავარი პროკურორის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებას სასამართლოს გზით გეგმავენ

მთავარი პროკურორის სადავო დიპლომი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ნახევარი წელია, შალვა თადუმაძის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ეძებს.

მთავარი ბრალმდებელი მის ბიოგრაფიაში უთითებს, რომ „თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის“ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ვერც ამ დიპლომს და ვეღარც ამ უნივერსიტეტს ორგანიზაციამ ვერსად მიაკვლია.

რამდენიმე სახელმწიფო უწყებიდან მიღებული უარის შემდეგ, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ახლა უკვე სასამართლოს მიმართა.

შალვა თადუმაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის სამთო ინჟინერია და ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი საქართველოს „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მიიღო. 1994-99 წლებში კი „თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის“ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, რის გარეშეც ის მთავარი პროკურორი ვერ გახდებოდა.

ამ სახელწოდებით, დღეს არსებული უმაღლესი სასწავლებლების ბაზაში, ერთადერთი უნივერსიტეტი იძებნება. „თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში“, რომელიც 1992 წლიდან არსებობს, „კურიერთან“ აღნიშნეს, რომ მათთან სტუდენტ შალვა თადუმაძეს არასდროს უსწავლია.

შალვა თადუმაძის უმაღლესი იურიდიული განათლება სადავო, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი წარდგენისთანავე გახდა. სწორედ დიპლომი იყო ერთ-ერთი საკითხი, რის შესახებაც თანამდებობაზე დამტკიცებამდე მას პარლამენტში ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია.

ოპოზიციონერი კანონმდებლები ამბობენ, რომ კითხვა, რომელიც 6 თვის წინ პროკურორობის კანდიდატ თადუმაძესთან მის უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით ჰქონდათ, დღემდე აქვთ, რადგან მას არსებულ კითხვებზე პასუხი პროკურორობის 6 თვის განმავლობაში არ გაუკეთებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები