25 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში გამათბობლები - დაბალი ფასის გამო დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია

კუსტარული და ღია წვის გამათბობლები, რომელმაც 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. დანადგარი, რომელის დაყენებაც დახურულ სივრცეში აკრძალულია, ბაზრობებზე ამ დრომდე იყიდება. ასეთი ტიპის დაბალფასიანი გამათბობელი, წვის დროს ჟანგბადს დახურული სივრციდან იღებს და იგივე სივრცეში მხუთავ აირს გამოყოფს. ასეთი ტიპის გამათბობელი სიცოცხლისათვის საშიშია, თუმცა მოთხოვნა მაინც დიდია, რადგან ის იაფი ღირს და მცირე შემოსავლის მოქალაქეებისთვის ხშირ შემთხვევაში გათბობის უალტერნატივო საშუალებაა.

ამ გამათბობლების დაყენება ბინაში აკრძალულია, თუმცა ის ბაზარზე მაინც იყიდება, ენერგოომბუდსმენი მოითხოვს, საქართველოში მსგავსი გამათბობლების შემოტანა აიკრძალოს და ბაზარზე არსებული მარაგი ქსელიდან ამოიღონ. სალომე ვარდიაშვილის აზრით, თუ მოქალაქე თავად არ მიმართავს უსაფრთხოების ზომებს, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, კანონით დაიცვას მოქალაქის სიცოცხლის უფლება.

ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ გაუმართავი გაზგაყვანილობის გამო თბილისი ნაღმზე დგას. ცენტრალური ქსელი ავარიულია და კორპუსებში მილების დიდი ნაწილი კი უსაფრთხოების წესების დარღვევით არის დამონტაჟებული. სპეციალისტები გამოსავალს რეგულაციების გამკაცრებაში ხედავენ, თუმცა ამბობენ რომ ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ აქვს.

2018 წელს გაზით 98 მოქალაქე მოიწამლა და 27 გარდაიცვალა. 2019 წელს კი სისტემის გაუმართაობას უკვე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები