25 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
"არ მინდა, ეს სიმძიმე ვატარო, რომ მორალურ ტერორს ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს" - ეკა ბესელია

"არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს,“ - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე არ უმსჯელიათ.

ბესელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ დაადგინოს, ვინ არის ჩანაწერების გავრცელების ორგანიზატორი და რა მოტივით ჩაიდინეს დანაშაული.

"ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადაო არ არის. ეს განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. ახლა საუბარია, ვინ დაგეგმა. ვინ არის დირიჟორი ამ უკანონო კამპანიისა და მორალური ტერორის, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში, შეიძლება, იქ შემთხვევითაც ვიღაცები მოხვდნენ.

"ჩემი ამოცანა არ არის, გაუბედურდნენ ოჯახები, ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები. არ მინდა, ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს. კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამინების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში. მაგრამ პრინციპულია, გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების, ვინ რა მიზნით გააკეთა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ამ საკითხს დღის წესრიგიდან არ მოვხსნი. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს საკითხი დაადგინოს. ვაცადოთ გამოძიებას," - განაცხადა ბესელიამ.  

დღის ამბები