23 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულების მორიგი პროცესი - 8-დან 7-ის მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესზე საქალაქო სასამართლო რვა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

რვა პირიდან შვიდის მიმართ პრკურატურა პატიმრობას ითხოვს, ხოლო ერთის მიმართ კი - გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ შვიდმა დაკავებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა პირს გაუგზავნეს.

„ამ შვიდი პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ხოლო ამ შვიდი პირიდან ერთ-ერთი არის, რომელმაც Youtube-ზე - საჯარო ინტერნეტსივრცეში ვიდეოპორტალზე, ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე Youtube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები, რაც აღნიშნული პირის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.

8 ბრალდებულს შორის არის ზურაბ სოლომნიშვილი, რომელზეც ახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ მან პირველმა ატვირთა Youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. თუმცა, ვისგან მოიპოვა მან ეს მასალა, პროკურორმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ სოლომნიშვილმა პირველმა ატვირთა ჩანაწერი.

„წარდგენილ ბრალს - ატვირთვას, არ აღიარებს. ასეთი რამ არ მომხდარა, მისი განმარტებით. მან განმარტა, რომ ეს მოუვიდა Facebook Messenger-ის სახით და განაცხადა, რომ არც კი იცოდა, რა იყო აღნიშნული, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს იყო აღნიშნული ინფორმაცია, რაზეც ბრალდების მხარე მას ედავება,“ - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათგან 9-თვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლომ დღეს უკვე იმსჯელა. დაკავებულებიდან ორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, შვიდი კი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. 8 დაკავებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე კი სასამართლო პროცესი ამ წუთებში დაიწყო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები