25 აპრილი 2024,   21:06
ვრცლად
დამცირებით, შეურაცხყოფითა და მსხვერპლით დეპორტირებული ქართველები - სტრასბურგმა რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ბრძოლა სტრასბურგში მოგებულია. ათასობით ქართველს, რომლებიც 2006 წელს რუსეთში დააპატიმრეს და ქვეყნიდან მხოლოდ იმიტომ გააძევეს, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები იყვნენ, რუსეთმა ჯამში 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 1500 ქართველს ეხება, მაგრამ მაშინ დეპორტაცია ბევრად უფრო მეტს შეეხო - საქართველოს 4 ათას 600-ზე მეტი მოქალაქიდან ზოგი პირდაპირ სახლიდან გამოაგდეს, ზოგი სამსახურიდან, სკოლიდან, ზოგი პირდაპირ ქუჩაში აიყვანეს და დააპატიმრეს.

დაკავებულ ქართველებს არაადამიანურ პირობებში მოუწიათ გადაჭედილ საკნებში ჯდომა, სადაც ელემენტარული ჰიგიენის დაცვისა ან დაწოლის საშუალებაც კი არ იყო. ამიტომ მათ რიგრიგობით უწევდათ დაძინება. ზოგიერთმა მათგანმა ასეთ ვითარებაში ორი კვირაც კი გაატარა. შემდეგ ისინი ავტობუსებში ჩაყარეს და რუსეთიდან გამოყარეს.

დეპორტაციის დროს ოთხი მათგანი გარდაიცვალა.

ქართველების გამოძევებას წინ უძღოდა საქართველოში 11 ჯაშუშის დაკავება, რომელთაგანაც 4 რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ამის შემდეგ რუსეთმა ჯერ ელჩი გაიწვია, შემდეგ კი ეთნიკური ნადირობა გამოაცხადა.

საპარლამენტო კომისიის მასალის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი 2007 წლის გაზაფხულზე მოამზადა. მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ 2011-14 წლებში რუსეთის ბრალეულობა პრინციპულად უკვე იყო დადგენილი და ამდენი წელი გადაწყვეტილების გამოქვეყნებას დასჭირდა.

რუსეთი დანაშაულს უარყოფს და კომპესაციის გადახდას არ აპირებს.

დღის ამბები