25 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
სუიციდი თუ მკვლელობა-არჩევნების დღეს მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლია

დედა, რომელმაც შვილის ეგსჰუმაცია მოითხოვა - 2012 წლის პირველ ოქტომბერს, არჩევნების დღეს იოსებ ლომინაძე გარდაცვლილი იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ეს ვერსია თავდაპირველად გარდაცვლილის დედამაც დაიჯერა თუმცა ზინაიდა ნებიერიძეს დროთა განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციამ ეჭვი გაუჩინა, რომ მისი შვილი მოკლეს. ის ფიქრობს, რომ  იოსებ ლომინაძე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა. რამდენიმეწლიანი მოთხოვნის შემდეგ გვამს ხელმეორე ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამჯერად დადგინდა, რომ კისრის მეხუთე და მეექვსე მალები დაზიანებული იყო. მაშინ როდესაც პირველი ექსპერტიზის დროს ექსპერტი მერაბ ჭინჭარაული წერდა, რომ კისრის მალები ვიზუალურად და ხელით გასინჯვით მთელი იყო. თავზე არსებული სხვა დაზიანებების მიუხედავად კისერზე არც რენტგენი გადაუღიათ და არც გაუკვეთიათ.

იოსებ ლომიძის გვამს სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა. მათ შორის: ღვიძლი გახეთქილი, თავის ქალაზე რამდენიმე უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობა, თუმცა თავის ქალის ძვალი დაზიანებული არ იყო. ასევე ჰქონდა ნაჭდევები მარცხენა ხელის თითებსა და ბარძაყზე და მხრის სახსრიდან მოყოლებული მთელს მარჯვენა მხარეს მკერდსა და მუცელზე.

გარდაცვლილის დედას ეჭვი მოწმის ჩვენებაშიც ეპარება. საქმის მასალების მიხედვით
იოსებ ლომიძე სოფლის შესასვლელთან მტკვარზე გადასასვლელ ხიდთან ახლოს წყალშივე ზურაბ ლაცაბიძემ დაინახა.  ზინაიდა ნებიერიძე კი ამბობს, რომ შვილს  ყველგან ეძებდა, მათ შორის მდინარეშიც და რომ ყოფილიყო, აუცილებლად იპოვიდა.

ყველაზე საეჭვო დეტალი - როდესაც იოსებ ლომიძე  იპოვეს, მას მხოლოდ ტრუსები ეცვა. სხვა ტანისამოსი დღემდე არ არის ნაპოვნი.

თუ იოსებ ლომიძეს თავი არ მოუკლავს, მაშინ შესაძლოა წყალში ჩავარდნისას სხეული უკვე დაზიანებული ჰქონდა და შემდეგ დაიხრჩო. ან დაზიანებები წყალში ჩავარდნისას მიიღო, მაგრამ გამოძიებას ამის დასადგენად როგორც ჩანს არაფერი გაუკეთებია.

დღის ამბები