25 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
ჩემი გათავისუფლების მიზეზი, ქადაგიძის იდეების მხარდაჭერაა - ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

გიორგი ქადაგიძის შემდეგ, ილიაუნიდან გიორგი პაპავა გაათავისუფლეს. ინფორმაციას,  პაპავა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში ავრცელებს. იგი წერს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო. პაპავა ფიქრობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი რეალური მიზეზი გიორგი ქადაგიძისა და მისი იდეების მხარდაჭერაა. 

"წელიწადნახევრიანი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული საქმიანობის შემდეგ მე აღარ ვარ ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ამ ეტაპზე ბევრს თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას გეტყვით თუ რა მოვლენები განვითარდა ჩემ თავს ოთხშაბათის საღამოდან:

1. ოთხშაბათს, საღამოს 08:00 საათზე მომდის მეილი (როგორც ასოცირებულ პროფესორს), საიდანაც ვარკვევ, რომ ბიზნესის სკოლა გახდა ერთ-ერთი მიმართულება ახალი ფაკულტეტის და რომ ხუთშაბათს დილით, 11:00 საათზე, ახალი ფაკულტეტის პროფესორების შეხვედრაა ჩანიშნული.

2. ხუთშაბათს მივდივარ აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც მიხსნიან თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება და განიხილავენ პირველივე საკითხად დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას. 

3. ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე სიტყვას ითხოვს და აფიქსირებს თავის ძალზედ კრიტიკულ შეფასებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

4. შემდეგ მეც ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ სრულიად მიუღებელია აღნიშნული ცვლილებების ფორმაც და შინაარსიც. გიორგი და მე შეხვედრას ვტოვებთ.

5. პარასკევს 19:15-ზე მეილს ვიღებ კანცელარიიდან გათავისუფლებული ხართ, დაგვიდასტურეთ მეილის მიღებაო.

6. ბევრი ტექნიკური საკითხი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად ცენტრალურმა ადმინისტრაციამ, რომლის არცერთ წარმომადგენელს ჩემთან არც ბიზნესის სკოლაში უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე უკითხავს აზრი, არც იმის პატივი დაუდია კანცელარიის მეილით არ გამეგო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ რეალურად ჩემი შეფასებით, ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ერთადერთი მიზეზით აიხსნება: გიორგი ქადაგიძის და მასთან ერთად ბიზნესის სკოლაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერა. 

7. ბოლო წელიწადნახევარი ბევრი რამ შევცვალეთ ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის და მწამს, რომ კიდევ ბევრ რამეს შევცვლით ერთად! დროებით, მე დანებებას არ ვაპირებ!"-წერს პაპავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები