25 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
სკანდალი მერიაში და დაკარგული ფული - ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნას საკრებულოს უმრავლესობაში პასუხობენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მოთხოვნას დღეს საკრებულოს უმრავლესობამ "პოლიტიკური შოუ" უწოდა. ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, რომ გამგებელს წარმოედგინა დოკუმენტაცია, რომელიც ნათელს გახდიდა, თუ რატომ გადაერიცხათ ბიუჯეტიდან ფული "ქართული ოცნების" აქტივისტებს.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, მოთხოვნა დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებით უკანონოა.

„საკრებულოს დეპუტატს, კომპეტენცია და პასუხისმგებლობა უნდა ჰყოფნიდეს, რომ გამგებლისგან კანონის დარღვევას დაჟინებით არ უნდა მოითხოვდეს, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკური შოუს დადგმა სურს. მით უმეტეს, სასაცილოა ის გამოგონილი მიზეზი, რის გამოც დაიდგა იქ სპექტაკლი. თბილისის მუნიციპალიტეტი. მათ შორის ვაკის გამგეობა ათობით ათას მოქალაქეს ეხმარება მათი პოლიტიკური სიმპათიებისგან დამოუკიდებლად. ბუნებრივია, ამდენ ადამიანში შეიძლება აღმოჩნდნენ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები,“ - განაცხადა ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ლევან სოხაძემ.

საქმე ეხება ფინანსურ სკანდალს, რომლის შესახებაც „შაბათის კურიერმა“ მოამზადა რეპორტაჟი. ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი ფული გამგეობამ „ქართული ოცნების“ აგიტატორებს დაურიგა, რადგან პარტიის სალაროდან წინასაარჩევნო კამპანიისათვის გამოყოფილი ფული მოიპარეს.

ადამიანები, ვინც ბიუჯეტის ფული მიიღო სხვადასხვა ბიზნესით იყვნენ დაკავებულები და დახმარების მიღების საჭიროება არ ჰქონდათ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრს სრული უფლება ჰქონდა, მოეთხოვა და ენახა შესაბამისი დოკუმენტაცია, ეს უფლება კი გამგებელმა თვითნებურად შეუზღუდა.

 

დღის ამბები