23 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
18 წელი მკვლელობიდან და ბურუსით მოცული საქმე - გიორგი სანაიას ოჯახი საქმის ექსპერტის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებს   

18 წლის წინ მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი, ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის ექსპერტის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებს. სერგო ძაგნიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. „ღამის კურიერის“ წამყვანის მკვლელობაზე რამდენიმე თვის წინ პროკურატურამ ოჯახის მოთხოვნით ხელახლა დაიწყო გამოძიება. სანაიები ფიქრობენ, რომ წარმოუდგენელია, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს მაშინ, როცა საექსპერტო სამსახურს ხელმძღვანელობს პირი, რომელმაც საქმის გამოძიება წლების წინ სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

სერგო ძაგნიძე, 2001 წელს, როცა გიორგი სანაია მოკლეს, გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო. სწორედ მისი უწყების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე წარიმართა გამოძიება. ჟურნალისტის ოჯახის მიერ საქმის გაყალბებაში დადანაშაულებული ექსპერტი სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში კი ამტკიცებს, რომ საქმე ობიექტურად გამოიძია და მისი დამსახურებით დადგინდა ვინ იყო მკვლელი.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი თავში, ერთი გასროლით მოკლეს. მისი ძმა, ვახო სანაია დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო. ამ ეჭვს მოწმეთა ჩვენებებიც უმყარებს, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა. ის, რომ საქმე გაყალბდა, ამაში მას სხვა გარემოებებიც არწმუნებს.

ერთ-ერთი ვერსიით, 26 წლის ჟურნალისტის მკვლელობის მიზეზი იყო კასეტა პანკისის ხეობის შესახებ, რომელიც გიორგი სანაიას გადასცეს და ოჯახის მტკიცებით, პოლიტიკური მკვლელობის მოტივიც ეს გახდა. ამას არ ეთანხმება საქმის ექსპერტი. 

 

დღის ამბები