24 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
ქადაგიძის დაბრუნება თანამდებობაზე და ბიზნეს სკოლის აღდგენა - ილიაუნის ხელმძღვანელობას 24-საათიანი ვადა აქვს

24-საათიანი ვადა მოთხოვნების შესასრულებლად - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილ დეკანთან შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებმა და თავად გიორგი ქადაგიძემ სასწავლებლის რექტორატს ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი ბიზნეს სკოლის აღდგენას და უნივერსიტეტის ფინანსების განკარგვის გამჭირვალობას ითხოვენ.

„გაუქმდეს ის ე.წ. რეორგანიზაცია და ფარსი, რომელიც შემოგვთავაზა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. ბიზნესის სკოლა არის ბიზნესის სკოლა, ჩვენ გვაქვს ჩვენი  პრიორიტეტები. ჩვენ გვაქვს უამრავი საკითხები გადასაწყვეტი და ჩვენ არ გვჭირდება კიდევ დამატებით სხვა პროგრამები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სირთულეს წარმოადგენს. მეორე, გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ უნდა მოხდეს 24 საათში, ისევე სწრაფად როგორც მიიღო აკადემიურმა საბჭომ იგივე  გადაწყვეტილება. უნდა გაიხსნას უნივერსიტეტის ფინანსები  ყველასთვის და ის უნდა გახდეს გამჭირვალე. უნდა ვიცოდეთ რაში იხარჯება თქვენი  ფული. თქვენს, მიერ გადახდილი ფული,“-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე ილიაუნის რექტორმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. მას სამსახურის დატოვების შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით აუგზავნეს. დღეს კი იგივე მეთოდით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი პაპავამ შეიტყო. ის დირექციის გადაწყვეტილებას მის პროტესტს უკავშირებს.

„რეალური მიზეზი არის ძალიან მარტივი რამე, როდესაც ეს ცვლილებები განხორციელდა  მე პროტესტის ნიშნად ის შეხვედრა დავტოვე და სავარაუდოდ ცენტრალური ადმინისტრაციის გადმოსახედითაც მე მათი გადმოსახედით მხარი დავუჭირე და ალბათ გადაწყვიტეს, რომ ეს იყო მარტივი ფორმა  ჩემი კონკრეტული საქმიანობიდან ჩამოშორების. სხვა მიზეზი ჩემთვის ძნელია მოვიყვანო იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის  განმავლობაში რაც მე ბიზნეს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ვარ  ყველა ჩვენმა პროგრამამ გაიარა იდეალური აკრედიტაცია. აქ საუბარი იყო  ბიზნეს სკოლაში მათ ინტეგრაციაზე და არა ბიზნესის სკოლის დახურვაზე და ახალი ფაკულტეტის შექმნაზე და წარმოუდგენელია როდესაც პარასკევს ამაზე უნდა გვესაუბრა, როგორ მოხდა რომ  ოთხშაბათს განათლების, მენეჯმენტის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შეიქმნა,“-განაცხადა გიორგი პაპავამ.

სტუდენტები თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ რექტორატის გადაწყვეტილება მათთვის შეურაცხმყოფელია. ისინი აცხადებენ, რომ მათ იმის შესახებ რომ ბიზნეს სკოლა დაიხურა და ისინი სხვა ფაკულტეტზე აგრძელებდნენ სწავლას კულუარულად გაიგეს და ამაზე მათთან არავის უსაუბრია.

ამავე თემაზე
დღის ამბები