18 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა, არჩევნები მოიპარეს“ – მიხეილ სააკაშვილი  

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებიო მოიპარეს,“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბრიუსელში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.  

ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის შეკრებაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამართულ დისკუსიაში ყველა ჩაერთო.

„თუ ევროპა ხმას იღებს ვენესუელაზე, აქ ყველამ დაიწყო ლაპარაკი, საქართველოზე რატომ არ ვიღებთ ხმასო. სხვათა შორის, მოლდოვაში ზუსტად ასეთი ოლიგარქიული სიტუაციაა და ევროპარლამენტმა აიძულა ევროკავშირი, შეეწყვიტა ევროპული დახმარება მოლდოვას მთავრობის მიმართ და ზუსტად იგივე პერსპექტივა ელოდება საქართველოს ამ სურათის ფონზე, რაც არის. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მოიპარეს. ის ქალი, რომელიც იქ ზის, არ შეიძლება, მას ლეგიტიმურად ეწოდოს პრეზიდენტი. ის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად თოჯინაა, არ არის არჩეული და როდესაც არჩევნები არ ჩატარებულა და არ არის არჩეული, ხალხმა უნდა მიმართოს სხვა დაცვის საშუალებებს, ხალხმა უნდა დაიცვას თავის თავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩვენ ამოვიღებთ ხმას, აქ გვექნება სრული მხარდაჭერა. დღეს დავინახე, ისეთი დისკუსია იყო, ყველა ისე უცებ ჩაერთო, უცებ ყველას თვალები აუკიაფდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები