20 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
"ქადაგიძესთან მუშაობაში აღმოვაჩინეთ პრობლემები" - გიგა ზედანია "ილიაუნის" ბიზნესსკოლის ყოფილ დეკანზე

ილიაუნის რექტორი, გიგა ზედანია, ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ყოფილი დეკანი,  გიორგი ქადაგიძის, კრიტიკას არჩევანის ეთერში პასუხობს.

გიგა ზედანია თქმით, რეორგანიზაციის შედეგად ბიზნესსკოლა აღარ არსებობს და შესაბამისად, გაუქმნდა ის თანამდებობა, რაც ქადაგიძეს ეჭირა. თუმცა, რექტორი ამბობს, რომ ქადაგიძე უნივერსიტეტში პროფესორად რჩება.

ზედანია მზაობას გამოთქვამს, რომ ყველა დაინტერესებულ პირთან დისკუსია გამართოს. რექტორი ამბობს, რომ რეორგანიზაცია უნივერსიტეტში ხშირად ხდება.

„ნამდვილად, პიროვნულად არავის წინააღმდეგ ეს რეორგანიზაცია მიმართული არ იყო. ჩვეულებრივ, ცვლილებები ძალიან ხშირად ხდება, მათ შორის ბიზნესის ფაკულტეტზეც მომხდარა. მათ შორის, როდესაც ბატონი გიორგი მოვიდა ჩვენთან, აირჩიეს დეკანად, წინა დეკანი სწორედ წავიდა, მას ჩაბარდა კვლევითი მიმართულება ბიზნესის ფაკულტეტზე,“ - ამბობს გიგა ზედანია.

ზედანია ამბობს, რომ ქადაგიძესთან მუშაობის დროს პრობლემები აღმოაჩინეს, რადგან მას აკადემიურ სივრცეში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ.

„მასთან მუშაობაში აღმოვაჩინეთ პრობლემები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო განსხვავებულ საქმიანობის კულტურებთან. ბატონ გიორგის, ჩემი ჰიპოთეზაა ეს, შეიძლება, სულ სხვა რაღაცაზე იყო საქმე, მაგრამ არ ჰქონდა აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება და შესაბამისად, მოხდა გარკვეული აცდენა იმ მოლოდინებისა, რომელიც მას ჰქონდა და შეიძლება, იმ მოლოდინებისა, რომლებიც ჩვენ გვქონდა,“ - ამბობს ზედანია. 

რექტორი ამბობს, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბიზნესის სკოლის საბჭოს ორ წევრთან ჰქონდა კომუნიკაცია - ნინო პატარაისა და მარიამ დალაქიშვილთან.

დღის ამბები