25 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო მკაფიოდ გამოხატული დანაშაული - ირაკლი კობახიძე გრიფით საიდუმლოთი დაცულ კაბელების საქმეზე საუბრობს 

ე.წ. კაბელების საქმე ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. დანაშაული, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა. სკანდალური განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ "TV პირველის" ეთერში გააკეთა. ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში," ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო, ის პირადად გაეცნო.  

„რაც შეეხება კაბელებს, მაგ დროისათვის ვიყავი უკვე აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკურად უკვე აწეული იყო ეს თემა. დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო დანაშაულის არა თუ ნიშნები, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე," - ამბობს კობახიძე. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაადგინა, რომ ვიღაცამ მილიონები მიითვისა, მაგრამ ეს არ არიან ის ადამიანები, ვინც გამოძიებამ დააკავა. დამნაშავეს კი პასუხი არ უგია.

"იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, მე რამდენადაც ვიცი. ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, დავინახე იქ, რომ ფული იყო გაკეთებული, ვინ წაიღო, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს. არ უგია პასუხი ალბათ, ეგრე გამოდის. დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა ბოლომდე, როგორც ჩანს, ვერ გაიხსნა ეს საქმე. რაღაც დონემდე გაჩერდა. არ მინდა არაფრის თქმა, მე რა ვიცი იქ დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა, მინისტრის მოადგილემ თუ ვიღაცამ უფრო ზევით, მაგრამ აქ საუბარია რაზე, რომ საქმიდან ჩანს მოტივი, პირდაპირ ჩანდა მოტივი და ამაზე მაქვს საუბარი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ეს აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და პარლამენტის თავმჯდომარე გაეცნო მასალებს, რომელთან წვდომა ადვოკატებსაც კი მხოლოდ ნაწილობრივ, პროკურატურის შენობაში ქონდათ. 

დღის ამბები