25 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
გაზრდილი ფასი თამბაქოზე - ექსპერტები შავ ბაზრის გაჩენის საფრთხეებზე საუბრობენ

თამბაქოზე ფასის ზრდას ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსები რისკების შესახებ საუბრობენ. ისინი შავი ბაზრის შექმნის შესაძლებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ დიდია კონტრაბანდის გაზრდის რისკები. ექსპერტების თქმით, კონტრაბანდით დაკავებული ადამიანი, ერთი ყუთის სიგარეტიდან საშუალოდ 500 დოლარს იღებს. 

საქართველოში თამბაქოს ფასმა მატება 2016 წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციზზე გადასახადი გაიზარდა. მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირებაა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს სტატისტიკა გამოიღო თუ არა ფასის მატებამ შედეგი. 

„ჩვენი გათვლებით, სომხეთთან ერთი ყუთი სიგარეტის შემოტანა დაახლოებით, 500 დოლარის მოგებას იძლევა. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია და ფიქრობს, რომ ამით იშოვოს ფული. ეს არის პრაქტიკულად, ნარკოტიკების ვაჭრობასთან გათანაბრებული მარჟებია. იმდენად მაღალი მარჟებია უკვე თამბაქოს კონტრაბანდაში, რომ არა მგონია, რომ კიდევ უფრო მეტმა კონტროლმა ან მცდელობამ კონტროლისა, შეაჩეროს კონტრაბანდა,“ - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მრჩეველმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

ეკონომისტი ლაშა გოცირიძე კი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში 100 მილიონით ნაკლები აქციზური მარკა გაიცა. თუმცა მისი თქმით, არ არის გამორიცხული, თამბაქოზე მოთხოვნილების შემცირება ნაწილობრივ შავი ბაზრის არსებობას უკავშირდებოდეს. 

„ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100 მილიონით ნაკლები მარკა გაიცა. დაახლოებით, 100 მილიონი თანხა დაიკარგა ბიუჯეტისთვის. რაღაც წილად, მოწევის შემცირება მოხდა, რაღაც წილად, შესაძლებელია, ადამიანები გადავიდნენ ალტერნატიულ თამბაქოზე ან ელექტრონულ სიგარეტებზე თუნდაც. მაგრამ ამ ოდენობით შემცირება უბრალოდ ესეთი რაღაც მსოფლიოში არ ხდება, რომ თამბაქოს ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება ხდებოდეს ესე მოკლე პერიოდში. ძალიან დიდი ალბათობით, ეს არის შავი ბაზარი,“ - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები