განათლების მინისტრის განცხადებას, რომ სკოლის გამოსაშვებმა გამოცდებმა საგანმანათლებლო დაწესებულებები დააცარიელა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი ეხმაურება.
დეპუტატმა განათლების მინისტრის მიმართ დასმულ კითხვაში გენოფონდის განადგურების საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება.
“ერთი ფრაზა მომხვდა ყურში ძალიან - გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები. სწორად გავიგე არა? ანუ, ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა აქ და ძალიან კარგი კითხვები, მაგრამ კაციშვილმა არ თქვა იმ მთავარ პრობლემაზე, არ ილაპარაკა, რასაც ჰქვია ჩვენი გენოფონდის განადგურება. განადგურებისკენ მივდივართ. ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს ასეთი კითხვა - ფიქრობთ, თუ არა, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს სტიმულს ერს და მისცემს მიმართულებას გამრავლებისკენ. ხშირია ბატონი მინისტრო ოჯახების გამოსახლება უკანასკნელ საცხოვრისისგან, გუშინ გლდანში გამოასახლეს, ხვალ ნაძალადევში ასახლებენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებში ცხოვრობენ მოსწავლეები და ბავშვები. აპირებთ, თუ არა რამენაირად ამ ბავშვების უფლებების დაცვას,“ - განაცხადა კვიციანმა.