24 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
მძიმე დებატები პარლამენტში - განათლების მინისტრს ოპოზიციასთან ერთად, უმრავლესობის ნაწილი მწვავედ აკრიტიკებდა

განათლების მინისტრი პარლამენტში პირველივე გამოსვლის დროს ოპოზიციის და უმრავლესობის ერთობლივ შეტევას იგერიებდა. მიხეილ ბატიაშვილის დაანონსებული რეფორმებით არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მმართველი პარტიის ნაწილიც უკმაყოფილოა. უმრავლესობის წევრებისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გააუქმა მინისტრმა საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის გამოცდები და რატომ აღარ იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდების დროს სავალდებულო უნარების ტესტების ჩაბარება. 

მიხეილ ბატიაშვილი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ კატის სისტემით გამოცდების გამო მშობლები შვილებისთვის რეპეტიტორებს ქირაობდნენ, ეს მომსახურება მილიონობით ლარი ჯდებოდა და სისტემაში კორუფციას უწყობდა ხელს. თუმცა, მინისტრს დღეს არ აუხსნია, როგორ აპირებს ბრძოლას სკოლებში კორუფციასთან, როდესაც ატესტატის აღება პედაგოგის მიერ ერთპიროვნულად დაწერილ ნიშანზე იქნება დამოკიდებული.

განათლების მინისტრისგან ოპონენტები იმის ახსნას ითხოვდნენ, რა კვლევებზე ან რომელი უცხო ქვეყნის გამოცდილების მიხედვით გადაწყვიტა განათლების სამინისტრომ დამამთავრებელი გამოცდების გაუქმება. ასევე, რა გათვლებს ეფუძნებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალიდან უნარების ამოღება და ქართულის და ისტორიის სავალდებულო გამოცდის შემოღება.

სადაო გახდა პარლამენტში დღეს განათლების მინისტრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მიხეილ ბატიაშვილის უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. უფასო ფაკულტეტებს აუქმებს.

დღევანდელი განხილვების დროს ერთადერთი გამონაკლისი ემზარ კვიციანი იყო. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს გამოცდების გაუქმება მოსწონს, რადგან მისი აზრით ეს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას გამოასწორებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები