19 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
"ერთპიროვნულად ვაგებ ამაზე პასუხს" - მწვავე დებატები პარლამენტში ია კერზაიას საქმეზე და მინისტრის პასუხი დეპუტატებს

ია კერზაიას საქმე - პარლამენტში განათლების მინისტრსა და დეპუტატებს შორის მძიმე დებატები გაიმართა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გენინსპექციის გაგზავნასთან დაკავშირებით მიხეილ ბატიაშვილმა სრული პასუხისმგებლობა  საკუთარ თავზე აიღო.

მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში კომიტეტის სხდომაზე წარადგენს სრულ სტატისტიკას, თუ რა დროში ხდება წერილებზე უწყების მიერ რეაგირება.

„ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, მე ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი ვარ, მე ყველა იმ პროცესზე, რომელიც აქ მიმდინარეობს მე ვაგებ და ერთპიროვნულად ვაგებ ამაზე პასუხს, თავისთავად, რომელიც ამაში არსებობს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის არგუმენტები არასაკმარისი და არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის. ოპონენტები უფრო მეტ მტკიცებულებას ითხოვენ იმის დასადასტურებლად, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში მყისიერი შემოწმების დაწყება.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ სტატისტიკის წარდგენის დაპირებით მინისტრი ცდილობს აჩვენოს, რომ ზუგდიდის სკოლაში გენინსპექციის გაგზავნა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

„ცდილობთ, რომ ეს ჩვეულებრივ პრაქტიკად წარმოადგინოთ, ანონიმურ წერილზე, წუთების განმავლობაში რეაგირება და მე მინდა მართლა გკითხოთ, რომ თქვენ მართლა ბევრ ანონიმურ წერილზე რეაგირებთ ასე და როდესაც სტატისტიკას წარმოადგენთ და გვიჩვენებთ, წუთებით, როგორ რეაგირებთ, იქნებ იმის სტატისტიკაც გვაჩვენოთ, რამდენ ანონიმურ წერილზე მოახდინეთ მსგავსი ოპერატიული რეაგირება,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ანონიმური წერილიც რომ პოლიტიკურ ნიადაგზე იყო დაწერილი, ამაზე ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია. დეპუტატისთვის არასერიოზული მინისტრის არგუმენტი, რომ ანონიმურ წერილზე გამთენიისას მოახდინა მყისიერი რეაგირება.

„თუ წაიკითხეთ, თვალი არ მოგჭრათ იქ, თქვენი ხოტბის გარდა, პირდაპირ პოლიტიკური კონტექსტი, რომ არის ანონიმურ წერილში, პოლიტიკურ კუთვნილებაზე, რომ არის მინიშნება და დაგავიწყდათ, რომ არჩევნები იყო ამ დროს და კონტექსტი არ იცოდით, ქვეყანაში რა ხდებოდა. სერიოზულად გამეცით ამაზე პასუხი რა და ეგრევე, დილის 06:00 საათზე გააგზავნეთ კაცი და უნდა გისმინოთ და ეს სერიოზულად აღვიქვათ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მინისტრისგან კონკრეტული პასუხს ითხოვდა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი და მოსთხოვა დაეზუსტებინა, დაინტერესდა თუ არა ანონიმური წერილის ავტორის ვინაობით.

ია კერზაიას საქმის ირგვლივ პასუხგაუცემელი კითხვების ზრდაზე ისაუბრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

„ვერ ხვდებით, რომ რაც უფრო დრო გადის, ეს კითხვები უფრო მრავლდება და მრავლდება და შავი ღრუბლები უფრო მეტი და მეტი იყრის თავს თქვენს თავზე?“ - მიმართა მინისტრს ნიკა მელიამ.

ოპონენტების საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ მზად არის უფრო დეტალურად განიხილოს ია კერზაიას საქმე და კითხვებზე პასუხი გასცეს.

„გეთანხმებით, რომ ბევრი კითხვებია, მზად ვარ იმ კომიტეტის ფორმატშიც გავაგრძელოთ, მოვყვეთ მთელი პროცესი, არანაირ არიდებაზე არა მაქვს, არც იმ შავ ღრუბლების არ მეშინია, ნამდვილად. როგორც ვთქვი, რა პასუხისმგებლობაც ავიღე, იმ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები