25 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
"ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული" - მოსამართლეთა ნაწილი ეკა ბესელიას ინიციატივას აკრიტიკებს

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ეკა ბესელიას წინააღმდეგ - დაპირისპირების მორიგი რაუნდის მიზეზი ამჯერად ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა გახდა.

ეკა ბესელიამ მოსამართლეების კრიტიკა პარლამენტში დარეგისტრირებული ინციატივის გამო დაიმსახურა, რომლის მიხედვით, დეპუტატი მორატორიუმის გამოცხადებას და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

მოსამართლეები მათთვის მიუღებელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და მას "ანტიკონსტიტუციურს" უწოდებენ. არგუმენტებად კი საერთაშორისო გამოცდილება მოჰყავთ, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა დემოკრატიის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ დეპუტატების ეს გუნდი საერთაშორისო სტანდარტებისთვის გვერდის ავლას ცდილობს და მისი შეფასებით, ქვეყნის ჯანსაღ სასამართლო სისტემას ებრძვიან.

„თუ იციან საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა, მაშინ რატომ უვლიან გვერდს ამ სტანდარტებს? რატომ არიან ისინი პროგრესის წინააღმდეგ? რატომ ებრძვიან ისინი საკუთარი ქვეყნის ჯანსაღ, კომპეტენტურ, კეთილსინდისიერ და თანამედროვე სასამართლო სისტემას? რატომ ამახინჯებენ რეალობას?“ - წერს მეთოფიშვილი.

ეკა ბესელიას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით აკრიტიკებს ასევე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ინიციატივა არაკონსტიტუციურთან ერთად პარადოქსულიცაა.

„გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა შემდეგი თვალსაზრისით: ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, "სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ "სააკაშვილისდროინდელ გადმონაშთებს“, "ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ! არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ "სააკაშვილის წარსულს", როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე!

"დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რომელმაც მანამდე არნახული, უპრეცენდენტო გარანტიები შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, არ დაუშვებს იმ წარსულის დაბრუნებას, რომელსაც თავად ამ ინიციატივის ავტორებიც კი მიიჩნევენ უარყოფითად და "გადმონაშთად“ - წერია გვრიტიშვილის პოსტში.

დღის ამბები