24 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების ინიციატივას იზიარებს

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადების იდეა მისაღებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივა მისთვის გასაგებია, რადგან საჭიროა, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხის განხილვა გადაიდოს.

არამოსამართლე წევრი განმარტავს, რომ სამართლებრივი რეგულაცია პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს.

„ბუნებრივია, ის კლანი, რომლის ხელშიც არის ძალაუფლება, დღითიდღე, უფრო და უფრო ცდილობს, რომ თავის ძალაუფლება გაიმყაროს და თუნდაც ამ მიმართულებით მაქსიმალურად დანიშნოს ის ხალხი, რომელიც მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს სამომავლოდ. თუნდაც, მაგალითად, მხარს დაუჭერს სამომავლოდ, რომ გახდნენ ისევ საბჭოს წევრები ამ კლანის აქტიური ადამიანები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრების ეს მოთხოვნა, რომ შეჩერდეს უვადო დანიშვნები, არის აბსოლუტურად გასაგები ჩემთვის და შექმნილ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი გამოსავალი, მაგრამ როგორ სამართლებრივ რეგულაციას მოძებნის, ეს უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ეკა ბესელიამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით ორი დღის წინ მიმართა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს.

დღის ამბები