19 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით „კურიერის“ ანონსის გასვლის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - შსს-მ შაბათის კურიერის ანონსის გასვლის შემდეგ დაადასტურა, რომ ერევნის ციხის ქართველი პატიმარი დეპუტატის საქმეში ფიგურირებს.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის ერთ-ერთ ციხეში ჩხრეკაც ჩატარდა და მობილური ტელეფონიც ამოღებულია, თუმცა, პოლიციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რატომ მალავდნენ ამ ამბავს მანამდე, ვიდრე ფაქტის შესახებ კურიერმა არ გაიგო და ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ facebook-ის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა - buba lomtatidze-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები.

ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და FACEBOOK-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ facebook-ის გვერდით - buba lomtatidze-ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის - მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის.

დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.

ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მისი კუთვნილი samsung-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც youtube-ზე კადრები ატვირთა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის, როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები