20 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
ტარაკნები საჭმელში, ბაღლინჯოები საწოლებში და წამლების ტოტალური დეფიციტი - გლდანის ციხის პატიმრები შველას ითხოვენ

ტარაკნები საჭმელში, ბაღლინჯოები საწოლებში და წამლების ტოტალური დეფიციტი მედპუნქტში - გლდანის ციხის პატიმრები შველას ითხოვენ.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, მეზობელი საკნის მობინადრეები კურიერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ ორ რეალობაზე უყვებიან.

ყოფილი პატიმრის მონათხრობით, მირზა სუბელიანს ციხიდან დარეკვის პრობლემა არასდროს შექმნია. პატიმარი სუბელიანი 8 თვეა, 4 კაციან საკანში მარტო იმყოფება. სხვა პატიმრები ამბობენ, რომ სუბელიანისთვის ციხეში აკრძალული არაფერია.

ყოფილმა მსჯავრდებულმა, პირობითი სახელით "დავითი", ე.წ. გლდანის ციხე იანვრის ბოლოს დატოვა. თვეების განმავლობაში ის სასჯელს სუბელიანის გვერდით საკანში იხდიდა.

ყოფილი მსჯავრდებული ამბობს, რომ სუბელიანისთვის საკვები ციხეში სახლიდან მიაქვთ. ყოფილი მსჯავრდებული ამბობს, რომ მირზა სუბელიანს არც ციხის ანტისანიტარია აწუხებს.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სხვა პატიმრების მსგავსად, არც საკანს ალაგებს, ამისთვის ციხის ადმინისტრაციას პატიმრები ჰყავს. ყოფილი მსჯავრდებულის გადმოცემით სუბელიანისთვის არც ციხის აბანოს კარი იკეტებოდა.

ციხიდან გაკეთებული ზარები ყოფილმა მსჯავრდებულმა, სხვა პატიმრებთან ერთად, ტელევიზიით ნახა. ასევე იხილეს ფარული ჩანაწერები, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მირზა სუბელიანი იყო.

ის ამბობს, რომ სუბელიანის საკანში სტუმარი თავად არ უნახავს, თუმცა, ესმოდა, როგორ გაჰყავდათ ციხის თანამშრომლებს ის სტუმართან შესახვედრად. ყოფილი მსჯავრდებულის გადმოცემით, პატიმარი სუბელიანი საკნიდან გვიან ღამითაც გამოჰყავდათ.

კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელმაც ციხე სუბელიანის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, პრობლემებზე საუბრობს. მედიკამენტისა და ექიმის გარდა, ის ყურადღებას კვებაზეც ამახვილებს.

საკვებში ტარაკნებს და ანტისანიტარიას მწერები ართულებს, რომლის წინააღმდეგაც, ყოფილი მსჯავრდებულის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს.

ყოფილი მსჯავრდებულის მონაყოლი ციხეში კორუფციის ეჭვსაც ბადებს. მისი ინფორმაციით, დაწესებულებაში პირველად შესულ პატიმარს ადმინისტრაცია ლეიბის და თეთრეულისთვის ფულს სთხოვს.

ცალკე საუბრის თემაა ციხეში ტელევიზია. ყოფილი მსჯავრდებულები ამბობენ, რომ თუ რუსთავი2-ის ყურება გინდა, ტელევიზორთან ერთად დამატებით დეკოდერი უნდა შეიძინო. თუმცა, მათი ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციის კეთილი ნებაა საჭირო.

დღის ამბები