18 თებერვალი 2019,   09:24
ვრცლად
მესამე პრეზიდენტის შეხვედრა ემიგრანტებთან - მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟის კონგრესის შენობაში შეკრებილებს 5 პუნქტიანი გეგმა გააცნო 

„ყველა ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული,  არის წარმოშობით საქართველოდან, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს“- ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ემიგრანტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მან ლიეჟის კონგრესის შენობაში შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს ხუთ პუნქტიანი გეგმა გააცნო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, არჩევნებისას ხმის მიცემის საშუალება კი სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ბარათის საშუალებით უნდა შეეძლოთ.

მისივე განცხადებით,  მნიშვნელოვანია ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის შექმნა, რათა მოქალაქეებმა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც კენჭისყრაზე გამოვა, ხმა ელექტრონულად, შეფერხებების გარეშე მისცენ.

„ძალიან მარტივია, გამოგაქვს ელექტრონულ კენჭისყრაზე და ეკითხები ყველა ქართველს, გინდა თუ არა, რომ შენი მომავალი თაობა იყოს დაბოლილი თუ გინდა, რომ იყოს ჯანსაღი ერი. ელექტრონული კენჭისყრა მოგვცემს საშუალებას, რომ ვეღარავინ ვეღარაფერი ვეღარ წაგვართვას. უფრო მეტსაც გეტყვით, შევცდებით ჩვენს არჩევანში, გამოვასწოროთ ჩვენვე. არ მოგვეწონა კანონპროექტი როგორ მუშაობს? ერთ თვეში შეაგროვა ვიღაცამ ელექტრონული ხელმოწერები, ხელახლა დააყენა კენჭისყრაზე და გავაუქმეთ. არ მოგვწონს თანამდებობის პირი როგორ მუშაობს? შეგროვდა ხელმოწერები, გავაუქმეთ და გამოვიწვიეთ. განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ გეგმის განხორციელება საქართველოში მხოლოდ ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემთხვევაში მოხერხდება.

"ეს ყველაფერი შეუძლებელია თუ არ მოხდა მთავარი, ამ გველეშაპის, ამ უბედურების, რომელიც მომჯდარია საქართველოს, მისი ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლების სადავეებიდან, ერთხელ და სამუდამოდ ოლიგარქატის დამთავრება საქართველოში და მომავალში აკრძალვა ოლიგარქების გაკარების საქართველოსთან,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. ემიგრანტებთან პირველი მასშტაბური შეხვედრის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მომდევნო შეხვედრას რომში გამართავს.

დღის ამბები